გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები
გამოიწერეთ:
G&T-ის გუნდი
კვლევებიკვლევითი ანგარიშები ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში

ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში

საქართველოს განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 2.6 მლრდ ლარი შეადგინა 2022 წელს. სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე გასამმაგდა 2010-22 წლებში და მშპ-ს 3.7% შეადგინა (2022), თუმცა კვლავ დაბალია ევროკავშირთან შედარებით (მშპ-ს 5%). ჩვენი პროგნოზით განათლების სექტორი 8-10%-იანი წლიური ტემპით გაიზრდება საშუალოვადიან პერიოდში, რაც განპირობებული იქნება გაზრდილი სახელმწიფო დაფინანსებით და საგანმანათლებლო სერვისებზე მზარდი მოთხოვნით.

ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 11.8%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ ლარი შეადგინა 2022 წელს. მოსწავლეთა უმეტესობა ჯერ კიდევ საჯარო სკოლებშია კონცენტრირებული, მაგრამ კერძო სექტორში ჩარიცხვები და სწავლის საფასური მზარდია, რაც მომხმარებლის აღქმით კერძო სკოლების მიერ ხარისხიანი განათლების მიწოდებას უკავშირდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება გაზრდილი ურბანიზაციის, საშუალო შემოსავლების ზრდის და პოზიტიური დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინებით. ზრდის მიუხედავად, საქართველოში კერძო განათლების სისტემა კვლავ ფრაგმენტულია - მხოლოდ 11 კერძო სკოლას ჰყავს 1,000-ზე მეტი მოსწავლე და მათი წილი ბაზრის 21.0%-ს შეადგენდა 2022-23 წლებში, რაც კერძო სკოლების შერწყმის მიზანშეწონილობაზე მიუთითებს (M&A).

უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი წლიურად 4.5%-ით გაიზარდა და 0.8 მლრდ ლარი შეადგინა 2022 წელს. სტუდენტების უმეტესობა სახელმწიფო სექტორშია კონცენტრირებული, მაგრამ კერძო სექტორის წილი მზარდია, რაც ძირითადად გამოწვეულია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის სწრაფი ზრდით. ამასთან, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2022/23 წლებში მკვეთრად გაიზარდა ინდოელი სტუდენტების უკრაინიდან გადმოსვლის გამო, რაც საქართველოს განათლების ჰაბის სტატუსს კიდევ უფრო აძლიერებს - საქართველოში უცხოელი სტუდენტების წილი 15.2%-ს შეადგენს და აღემატება სხვა მრავალი ქვეყნის მაჩვენებელს, მათ შორის ევროკავშირს (8.4%) და აშშ-ს (5.1%). საბაკალავრო საფეხურზე სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის პროგრამები ყველაზე მოთხოვნადია, ხოლო მაგისტრატურაზე - ჯანდაცვის პროგრამები, რაც უცხოელი სტუდენტების მხრიდან მოთხოვნის შედეგია.